გუშინ ჩვენთან ძალიან ცხელოდა, მართალია ასფალტს ბუღი არ ასდიოდა, მაგრამ მაინც იკბინებოდა მზე... საერთოდაც აქ უკვე კარგა ხანია დათბა, ზამთრის ტანსაცმელი დიდი ხანია ჩავალაგე ჩემოდანში...
ბათუმური წვიმა მენატრება, თავაწყვეტილი და შხაპუნა წვიმა, ფანჯრის რაფებზე გაუთავებლად, რომ რაკარუკობს და ხმაურობს..
აქ არ იცის მსგავსად, აქ წვიმაც ხალხივით ზომიერია... ვერ გაიგებ მის მოსვლას, წვიმაში თითქმის უქოლგოდ დადიან॥ ალბათ იმიტომ, რომ დიდხანს არ გრძელდება და თან არც გასველებს… მოკლედ აქ არ წვიმს, აქ მზე პირს იბანს…

მაგრამ გუშინ ყველაფერი სხვანაირად იყო... გუშინ წვიმაც იყო, ქუხილიც და ელვაც...შუაღამისას წამოწვიმა – წვიმას მოჰყვა და ბურანში მყოფს გამომეღვიძა... ჯერ ყურს ვუგდებდი ასე ზომიერება დავიწყებულ წვიმას, მაგრამ შემდეგ ვეღარ მოვითმინე და ფანჯარასთან მივედი…ეზოში უკვე გუბეები იდგა...

მიყვარს წვიმა როგოორ... ოღონდ მხოლოდ ღამით... დილით ისევ მზე მინდა, დიდი და წითელი...
ამ ქალაქში გუშინ ჩემთვის წვიმდა... ასე ხმაურიანად და რაკარუკით... გამოღვიძებულს კი კვალიც აღარ დამხვდა გუშინდელი თავაწყვეტილობის... გუბეებიც აღარ იყო, ალბათ ამათი გამართული წყალგაყვანილობის გამო... უკვე მზემაც გამოანათა და ისევ ძველებურად, ზომიერად თბილა